III - IV კლასებში მუსიკის, როგორც საგნის სწავლებისათვის გათვალისწინებულია როგორ მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნები, ისე მოსწავლის სახელმძღვანელოები.
მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნებში დეტალურად არის გაწერილი ყოველი გაკვეთილის მსვლელობა განსხვავებული და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით, რაც პედაგოგებს გაუადვილებს სამუშაო პროცესის წარმართვას. გაკვეთილების სარეკომენდაციო სცენარები მოიცავს: გაკვეთილის თემის მიზნებს ესგ-ის სტანდარტის შედეგთან/შედეგებთან მჭიდრო კავშირში; აქტივობებსა და შესაბამისი რესურსების ჩამონათვალს, გაკვეთილის ორგანიზების ფორმებს; ტიპურ დავალებებს, მრავალფეროვან სავარჯიშოებს, რომლებიც წარმოდგენილია განვითარებისა და გართულების გზით; სახელმძღვანელოებში თემატურ ჭრილში არის დამყარებული კავშირი სხვა საგნებში ნასწავლ მასალასთან, პრაქტიკულ საკითხებთან/ყოველდღიურ ცხოვრებასთან;
სახელმძღვანელოები ორიენტირებულია მოსწავლეზე და ეს მოსწავლეთა სახელმძღვანელოების გარეკანზეც აისახა.
III - IV კლასების მუსიკის სახელმძღვანელო ემსახურება სტანდარტით გათვალისწინებული საკითხებისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაღვიძებასა და განვითარებას, მოსწავლეთა მიზიდვას და მათი საქმიანობის სტიმულირებას, შემოქმედებით პროცესებში მათ აქტიურ ჩართვას. ამიტომ მუსიკის III - IV კლასების სახელმძღვანელოები ითვალისწინებს და მიესადაგება მუსიკის ახალი სტანდარტით რეკომენდირებულ მითითებებს: როგორც მოსწავლის, ისე მასწავლებლის სახელმძღვანელოებში თანმიმდევრულად და ლოგიკურად არის გადმოცემული სტანდარტით გათვალისწინებული თემატიკა. III - IV კლასების სახელმძღვანელოში წარმოდგენილია სამ-სამი სასწავლო თემა: 1. ქალაქის და სოფლის ხმები, 2. მუსიკალური გასეირნება ქალაქსა და სოფელში, 3. ჩემი ცხოვრების ერთი დღე (III კლასი); 1. მუსიკა და ტელევიზია, 2. მუსიკა და თავისუფალი დრო, 3. მუსიკის როლი ანიმაციასა და საყმაწვილო კინოში (IV კლასი). ყოველი თემის ბოლოს მოცემულია შემაჯამებელი გაკვეთილები შესაბამისი შეფასების რუბრიკებითურთ.
სახელმძღვანელოები უზრუნველყოფს სასწავლო მასალის ეტაპობრივად და მრავალმხრივად მიწოდება, ახალი საკითხების, ცნებების განსხვავებულ კონტექსტში განხილვას. მოსწავლის წიგნები, რომლებიც გაფორმებულია თანამედროვე, შინაარსიანი, მრავალფეროვანი ილუსტრაციებით, ლაკონურია და არ არის გადატვირთული თეორიული მასალით. სახელმძღვანელოების ენა მიესადაგება მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს.
სახელმძღვანელოებში წარმოდგენილია ისეთი აქტივობებიც, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ითვალისწინებს, რაც მოსწავლეთა დიდ ინტერესს, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას და მოტივაციის გაზრდას გამოიწვევს. მოსწავლე გამოიყენებს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს: გააკეთებს აუდიოჩანაწერს; გამოიყენებს ინფორმაციის შესანახ მოწყობილობას; ააჟღერებს ხმას, მუსიკალურ საკრავს კომპიუტერულ პროგრამაში; შეარჩევს გამომსახველობით ხერხებს და ფონს მელოდიისთვის; გამოიყენებს ჩაწერილ ხმას იმპროვიზაციის პროცესში. მასწავლებლის წიგნებს ახლავს LMMS პროგრამის გამოყენების გამარტივებული ინსტრუქცია, რაც პედაგოგებს ხელს შეუწყობს დაეხმარონ მოსწავლეებს სახელმძღვანელოებით გათვალიწინებული აქტივობების განხორციელებაში.
სასწავლო მასალის ათვისების შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ როგორც ზოგადი, ისე სპეციალური უნარ-ჩვევები: მუსიკალური სმენა და მეხსიერება, რიტმის გრძნობა, რასაც ხელს შეუწყობს რიტმულ-ინტონაციური და იმპროვიზაციული სავარჯიშოების ხშირი გამოყენება.
შემოქმედებითი აქტივობების დროს - სიმღერა, ცეკვა, პრეზენტაცია, სცენის გათამაშება - მოსწავლე წარდგება აუდიტორიის წინაშე, შეეჩვევა და ჩამოუყალიბდება პროექტის წარდგენის, აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევა და შეეჩვევა საკუთარი ემოციების, ქცევის მართვას.